მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის შედეგების ვადა ხანგრძლივდება

image

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის პასუხების მოქმედების ვადა გაიზრდება.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული. ამასთან, პროექტში საუბარია, რომ უნდა მოხდეს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მე-2 ეტაპის დანერგვაც.

რაც შეეხება თეორიული გამოცდის ვადას, პროექტის თანახმად, მისი შედეგების მოქმედების ვადის 1 თვიდან 1 წლამდე გაზრდა იგეგმება.

„ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდას ემატება მეორე ეტაპი (რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში). შესაბამისად, დადგინდება აღნიშნული ეტაპის საფასური. ასევე ცვლილება შეეხება თეორიული გამოცდის შედეგების მოქმედების ვადასაც და იგი 1 თვიდან გაიზრდება 1 წლამდე.

ცვლილებების შედეგად ასევე დაიხვეწება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მთელი რიგი მომსახურებები, დაემატება დაჩქარებული მომსახურებები და მომსახურების ახალი სახეები, მათ შორის, მომსახურების დისტანციური არხები,“-აღნიშნულია პროექტში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა ამ კანონპროექტის წარდგენას პარლამენტში გასული წლის საშემოდგომო სესიაზე გეგმავდა, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ცვლილებათა პროექტის წარდგენა საკანონმდებლო ორგანოში ამ წლის საგაზაფხულო სესიისთვის გადავადდა.

მომწოდებელი: ipn.ge

დატოვე კომენტარი