გაიმართება თუ არა ანაკლიაში ფესტივალი, უცნობია - ანაკლიელები შემოსავალს პორტისგან ელიან

image

"წელს ანაკლიის ფესტივალს ნაღდი ფულით არ დავაფინანსებთ", - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ რამდენიმე დღის წინ bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ გააკეთა და განმარტა, რომ 2019 წელს სახელმწიფოს მხარდაჭერა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ და უსაფრთხოების ნაწილში გამოიხატება. 

ჯერჯერობით, უცნობია, თანადაფინანსების გარეშე კერძო სექტორი დაინტერესდება თუ არა ანაკლიაში ელექტრონული ფესტივალის ან სხვა კულტურული აქტივობის ჩატარებით; არაა გამორიცხული, რომ ანაკლია წელს საერთოდ ფესტივალის გარეშე დარჩეს. 

გამომდინარე იქიდან, რომ მიუხედავად ორგანიზაციულ მხარესთან დაკავშირებული ხარვეზებისა, ანაკლიაში ფესტივალი იზიდავდა როგორც - ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებს და შესაბამისად, გარკვეული შემოსავლის წყარო იყო ადგილობრივებისთვისაც, BM.GE დაინტერესდა, რას ფიქრობს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ანაკლიის მოსახლეობა. 

სააგენტო რამდენიმე ადგილობრივს ესაუბრა, რომელიც ტურისტულ სეზონზე სახლების გაქირავებით იყო დაკავებული; თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალზე დასასწრებად ჩამოსული ტურისტები სახლებს ხშირად ქირაობდნენ, ანაკლიელების ნაწილი ფიქრობს, რომ ფესტივალები და მსგავსი კულტურული აქტივობები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს. 

„ჩემი აზრით, სახელმწიფო არ უნდა აფინანსებდეს მსგავს ფესტივალებს. ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მოხდა, რომ უაზროდ იფლანგებოდა თანხები, მოგება კერძო სექტორში მიდიოდა თუ - საჯაროში, გაურკვეველი იყო. ანაკლიაში სხვა ბევრი პროექტიცაა; ცხადია, თუ წელს ფესტივალი არ ჩატარდება, ამას მოსახლეობის ნაწილის შემოსავლებზე გარკვეული გავლენა ექნება, თუმცა ადგილობრივები ამაზე ძალიან დამოკიდებულები არ არიან. თან ადრე ჩატარებული ფესტივალები არ იყო ხანგრძლივი, შესაბამისად, დიდი გავლენაც არ ჰქონდა, - აცხადებენ ისინი. 

ანაკლიელები უფრო მეტი ოპტიმიზმით ანაკლიის პორტის მიმართ არიან განწყობილებები და შემოსავალსაც პორტისგან ელოდებიან. 

„პორტის მშენებლობა ნამდვილად „საუკუნის პროექტია“; მოსახლეობა საკმაოდ დიდ ფინანსებს იღებს აქედან. ბინებს ის ადამიანებიც ქირაობენ, რომლებიც პროექტზე მუშაობენ, არიან უცხოელებიც, ადგილობრივები პორტის მშენებლობაშიც იღებენ მონაწილეობას, რაც დამატებითი შემოსავლის წყაროა“, - აცხადებენ ადგილობრივები.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი