თურქეთში საქონლის ხორცის ექსპორტზე საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს

image

ცოცხალი და დაკლული საქონლის ხორცის ექსპორტზე, საქართველოს მთავრობა თურქეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც bm.ge-ს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განუცხადა, მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა როდიდან იქნება შესაძლებელი ხორცის ექსპორტი, ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს. 

"მოლაპარაკების ფარგლებში განისაზღვრება კვოტები. თებერვალში კიდევ ერთი შეხვედრაა დაგეგმილი, პროგრესი იქნება, თუმცა, წინასწარ ვადების თქმა რთულია. ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ეს ყველაფერი”-განაცხადა ხანიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან 140 კილოგრამამდე წონის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი აიკრძალა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანია, ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი დამატებული ღირებულება დარჩეს, საქონელი ადგილზე გაიზარდოს და მისი რეალიზაციიდან ქვეყანაში უფრო მეტი ფული შემოვიდეს. საქსტატის ინფორმაციით 2018 წელს საქართველოდან 29 მილიონი დოლარის ღირებულების ცოცხალი მსხვილფეხა საქონელი გავიდა ექსპორტზე.
ავტორი: თამუნა დემეტრაშვილი

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი