"ბიზნესისთვის გაზის გაძვირება ძალიან ცუდი იქნება" - ბიზნესის პასუხი ტარიფის ზრდაზე

image

კომპანია "კულას" დამფუძნებლის ვანო გოგლიძის განცხადებით, გაზის ტარიფის გაძვირება ძალიან ცუდი იქნება ბიზნესისთვის, რადგან დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, „კულა“ სწორედ მასზეა დამოკიდებული. 

ვანო გოგლიძე BM.GE-თან საუბრისას პროდუქციაზე ფასის მომატებას არ გამორიცხავს.

„რაც კი შეიძლება ცუდი ვთქვა, სწორედ ამ თემას ეხება. ეს ძალიან ცუდი იქნება ბიზნესისთვის, ლარის კურსი დიდი ხანია ასეა, მაშინ რატომ არ შეცვალეს ტარიფი?! ჩვენი წარმოება ნატურალურ პროდუქციაზეა დაფუძნებული, დანამატები არ გვაქვს. 

ძირითადი ორიენტაცია გვაქვს გაზზე, რომ სტერილიზაცია და პასტერიზაცია 4-ჯერ გავაკეთოთ. საკმაოდ დამოკიდებულები ვართ ამ ენერგიაზე. ვცდილობთ, რომ რეზერვები გამოვნახოთ და პროდუქციას ფასი არ მოვუმატოთ, მაგრამ ვნახოთ რა იქნება. მოგვივიდა წერილები, რომ ფასის მომატებას აპირებენ. 

წარმოებას არ შევამცირებთ, ვეცდებით სხვა რესურსებით დავაკომპენსიროთ, თუ არადა, რაღაც ეტაპზე მოგვიწევს ფასის მომატება”, - განაცხადა „კულას“ დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 მარტიდან შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე იქნება 95 თეთრი დღგ-ს ჩათვლით. ეს ტარიფის 10პროცენტი-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის განცხადების მიხედვით, ფასის კორექტირება გამოწვეულია ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან გაცვლითი კურსისა და განაწილების ტარიფის ცვლილებით.

ავტორი: ლევან თაღიაშვილი

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი