„საგზაო სამუშაოების შესრულებისას მოსახლეობას გარკვეული შეზღუდვები მოუწევს“

image

„მოსახლეობას გზებზე გადაადგილების მიმართულებით, გარკვეული პრობლემები შეექმნება და ამ შემთხვევაში, ჩვენ მათი მხარში დგომის დიდი იმედი გვაქვს“, - ეს განცხადება მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა „საქმიანი დილის“ ეთერში გააკეთა. 

მისი ინფორმაციით, საცობების თავიდან არიდების მიზნით, მერიას სამუშაოების შესრულების კონკრეტული გეგმა-გრაფიკი აქვს შედგენილი. 

„ლოკაციების შერჩევის დროს გავითვალისწინეთ, რომ დიდი არეალები მაქსიმალურად დაშორებული ყოფილიყო ერთმანეთთან და არ ყოფილიყო მიმდებარედ ან პარალელურად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ისე, რომ ეს ვადები მთელი წელი გამოვიყენოთ ამ სამუშაოებისთვის და არ დავიწყოთ და დავასრულოთ რომელიმე კონკრეტულ სეზონზე. 

მაგალითისთვის ჭავჭავაძის რეაბილიტაციისთვის 4-თვიანი პერიოდია გათვალისწინებული, თუმცა როდესაც გზების რეაბილიტაციაზე ვსაუბრობთ, აქ მხოლოდ ასფალტის დაგებაა არაა, სრულად შესაცვლელია მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციები და ამ კუთხითაც კომპანიასთან მჭიდრო კავშირში ვართ. გარკვეული შეზღუდვები, რასაკვირველია, იქნება, თუმცა მოსახლეობის გვერდში დგომის იმედი გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. 

დაგეგმილი პროექტების მასშტაბურობიდან გამომდინარე, ბენდელიანმა ტენდერების განხორციელებისას შესაძლო სირთულეებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მერიას სარეზერვო ვადებიც აქვს გათვალისწინებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა პროექტს 2019 წლის ბოლომდე დაასრულებს. 

„ტენდერების განხორციელებისას ყოველთვის არსებობს იმის რისკი, რომ ჩავარდეს, უარყოფითი შედეგით დასრულდეს ან არაკვალიფიციური მეწარმე შემოვიდეს, თუმცა შარშანდელი პრაქტიკიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ ისეთი პირობები ჩავდოთ, რომ ერთის მხრივ, არ შევზღუდოთ კონკურენცია და მეორეს მხრივ, მაღალი მოთხოვნები დავაწესოთ მაღალი ხარისხის მისაღებად. 

როცა ვამბობთ, რომ 2019 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს ყველა პროექტი, ჩვენ არ ვგულისხმობთ, რომ აუცილებლად 31 დეკემბერია ეს თარიღი. ნებისმიერი სამუშაოს დროს გაუთვალისწინებელი სამუშაოები არსებობს, რომელიც წინასწარ შეიძლება არ განისაზღროს, ამიტომ სარეზერვო ვადები აღებული გვაქვს ისე, რომ შევასრულოთ ყველა დაპირება“, - აღნიშნა ბენდელიანმა.
ავტორი: თათია ჩაფიჩაძე

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი