"ქართუ ფონდი": "სესხების განულების" ვებ-გვერდი მზადაა. ველოდებით სიებს"

image

3 დეკემბერს მოსახლეობას უკვე უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი ე.წ. ვალების განულების ვებ-გვერდში გადაემოწმებინა - ეს დაპირება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გასცა, თუმცა ამ დრომდე ეს სისტემა არ მუშაობს. 

“ქართუ” ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი bm.ge-ისთან ვებ-გვერდის გაშვების დაგვიანების მიზეზებზე საუბრობს.

მისი თქმით, სისტემა ვერ ჩაირთვება იქამდე, სანამ საკრედიტო ორგანიზაციები მათ მოვალეთა ზუსტ სიებს არ გადასცემენ. 

ანალოგიური მიზეზი დაასახელა ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმაც. 

"ტექნიკურად მზადაა, ველოდებით საკრედიტო დაწესებულებებიდან მოვალეთა სიების მოწოდებას. როგორც კი მივიღებთ სიებს, მაშინვე ავსახავთ ვებ-გვერდზე. პროცესი ორმხრივია და მეორე მხრიდან სიების მოწოდების გარეშე შეუძლებელია მათი მოსახლეობისთვის გაცნობა. როგორც კი დაიდება სიები, მაშინვე გავასაჯაროვებთ ვებ-გვერდს. მოქალაქეთა მიერ საკუთარი სახელის გადამოწმება რა თქმა უნდა საბანკო საიდუმლოების დაცულობის პრინციპით მოხდება", - განმარტა ჩხეტიანმა.

ჩხეტიანი ამბობს, რომ პროექტზე დაიხარჯება იმდენი, რამდენიც “საჭირო იქნება”. მისი თქმით, ამ დროისთვის 100,000,000 ლარი უკვე მობილიზებულია. 

სესხების განულება ე.წ. შავ სიაში არსებულ 600,000 მსესხებელს ეხება, რომელთაც ერთ წელზე უფრო მეტად ვადაგადაცილებული სესხები აქვთ. მთავრობისა და “ქართუს” ინფორმაციით, ამ სესხების პორტფელის ღირებულებაა 1.5 მილიარდი ლარი. 

საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებით, ვალების ჩამოწერის პროგრამა ხელისუფლების მხრიდან სავარაუდოდ ამომრჩეველტა ხმების ყიდვას ემსახურებოდა. 

“მთავრობა მოსახლეობას ვალების ჩამოწერას დაჰპირდა. საქართველოს 600 000 მოქალაქეს 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის ვალს “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან დაკავშირებული კერძო საფინანსო უწყება დაუფარავს, რაც შესაძლოა, გაუთანაბრდეს ხმების ყიდვის ფაქტს. ხმების ყიდვა აკრძალულია საარჩევნო სისხლის და სამართლის კოდექსებით,”- წერია ეუთოს დასკვნაში. 

ხმების ჩამოწერის პროგრამის კანონიერებას მთავარი პროკურატურა სწავლობს.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

მომწოდებელი: http://www.bm.ge

დატოვე კომენტარი