საქართველოში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

image

საქართველოში ელექტრომობილების ქარხნის ასაშენებლად საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს ორ ცნობილ ბრენდთან მართავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ „მწვანე ეკონომიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის "მწვანე პოლიტიკა - ეკონტრანსპორტი" პრეზენტაციაზე თქვა.

ბახტაძის განცხადებით, ქვეყანაში სალიზინგო სქემა ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი ელექტრომობილს შეიძენს და საწვავიდან დაზოგილი თანხის მეშვეობით, 5 წელში გამოისყიდის ავტომობილს. 

"ეს ნიშნავს, რომ საქართველოში გაგვიჩნდება საკმაოდ მსხვილი ბაზარი. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ ორ ყველაზე ცნობილ ბრენდთან მოლაპარაკებას, რომ საქართველოში აშენდეს ელექტრომობილების ქარხანა", - თქვა ბახტაძემ.

პრემიერის განმარტებით ქვეყნის იმპორტის ჩამონათვალში პირველ ადგილს საწვავის იმპორტი იკავებს, სწორედ ამიტომ ელექტრომობილებისთვის უპირატებობის მინიჭებას გადამწყვეტი მნიშნველობა აქვს: "ელექტრომობილებზე გადართვა აქვს დამატებითი უზარმაზარი მაკროეკონომიკური ეფექტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველოში შევქმნათ მეტი დოვლათი, შევამციროთ სავაჭრო დეფიციტი და ამასთან, გავაჩინოთ მსხვილი მომხმარებელი ადგილზე წარმოებული ელექტროენერგიის", - თქვა პრემიერმა და დასძნა, რომ ქვეყანაში ელექტრომობილების შემოყვანა შემდეგი კვირიდან დაიწყება და ერთი წლის განმავლობაში ე.წ. ქარშეარინგის პრინციპით, ორი ათასზე მეტი ავტომობილი შემოვა.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი