გიორგი ქობულია: ტურისტებისა და მოსახლეობის შეფარდებით საქართველო ლიდერი ქვეყანაა

image

„ყოველწლიურად საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობას 2-ჯერ აღემატება. ამ მაჩვენებლით, დღეს ჩვენ უკვე ლიდერი ვართ მსოფლიოში, ჩვენზე წინ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, მაგალითად, ხორვატია.

ტურისტების და მოსახლეობის რაოდენობის შეფარდების მიხედვით, ჩვენ უფრო წინ ვართ, ვიდრე იტალია, ან – საფრანგეთი,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საერთაშორისო შეხვედრების ფორუმზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებითა და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის მხარდაჭერით იმართება. ორდღიანი მასშტაბური ფორუმი ოფიციალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. მასზე ასევე სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის პრეზიდენტი ნინა პრეტორიუს – ფრეიზენი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე. სიტყვით გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მიესალმა ფორუმის მონაწილეებს და განაცხადა, რომ ქართული მხარისთვის დიდი პატივია, რომ კონვენციებისა და კონგრესების საერთაშორისო ასოციაციამ ესოდენ მნიშვნელოვანი ფორუმის ჩატარების ადგილად საქართველო შეარჩია. „ტურიზმს საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

დღესდღეობით ტურიზმი ის სფეროა, რომელიც ჩვენი საექსპორტო შემოსავლების პრაქტიკულად, 80პროცენტი-ს გვაძლევს. ეს ის სფეროა, სადაც ჩვენ გვაქვს პოზიტიური ვაჭრობა და სადაც ჩვენ ძალიან დიდი ტემპებით ვვითარდებით. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ჩვენ ძალები უნდა მოვახმაროთ იმას, რომ იმ ტურისტებს, რომლებიც ჩვენთან ჩამოდიან, მაქსიმალურად მაღალი ხარისხით მოვემსახუროთ,” – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მომწოდებელი: news.ge

დატოვე კომენტარი