რეგულაციები კვლევების გარეშე არ უნდა ხორციელდებოდეს

image

„საზოგადოება და ბანკების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე სებ-ის ახალ რეგულაციას აფასებს და ამბობს, რომ ეროვნულ ბანკსა და საზოგადოებას შორის კომუნიკაცია არ ხორციელდება. მისი თქმით, მსგავსი რეგულაციები კვლევების გარეშე არ უნდა ხორციელდებოდეს.
„არ მგონია, რომ ხდებოდეს კომუნიკაცია საზოგადოებასთან იმაზე, თუ რა ცვლილებები ხორციელდება. ადამიანები იმის შესახებ, რომ სესხს ვერ აიღებენ, გაიგებენ ბანკის ფილიალში მისულები ან ტექნიკის მაღაზიაში. ასეთი რეფორმები და რეგულაციები არ უნდა ხორციელდებოდეს ძალიან დიდი კვლევების გარეშე, როგორიცაა მაგალითად ბაზრის ანალიზი. ასევე სოციალური კვლევებიც საინტერესო იქნებოდა, თუ რა შედეგს ელოდება ეროვნული ბანკი. მოსახლეობის ინფორმირებას ვერც მაისში განხორციელებული რეფორმებისას ვერ მოვიწონებთ, რომელიც უკვე აისახა საბანკო სექტორზე.“ - განაცხადა კეპულაძემ

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მურთაზ კიკორიას განცხადებით, ახალი რეგულაციების შემუშავება, რომელიც ძალაში 1 ნოემბრიდან უნდა შევიდეს, წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. კიკორია უარყოფს ინფორმაციას, რომ თემაზე საფინანსო სექტორთან სათანადო კომუნიკაცია არ იყო. „ამ რეგულაციაზე საუბარი ბოლო წელიწადნახევარია მიმდინარეობს, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა დაინტერესებულ მხარეებთან, ნაკლებობა კომუნიკაციის სექტორთან არ ყოფილა. ეს რეგულაცია საბოლოო არაა და მასზე მუშაობა მიმდინარეობს. ინტენსიურად ვღებულობთ წინადადებებს. ამ რეგულაციის მიზანია, რომ ჯანსაღი საკრედიტო პოლიტიკა დაინერგოს - აცხადებს კიკორია.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი