BM.GE-ის ექსკლუზივი: სებ-ი რეგულაციას „არბილებს“ და სესხის მომსახურების კოეფიციენტებს ზრდის

image

საქართველოს ეროვნული ბანკი სესხის მომსახურების კოეფიციენტებს ზრდის. 

როგორც bm.ge-ისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულების უახლეს პროექტში, რომელიც ჯერჯერობით, საჯარო არაა, შემცირებულია საშემოსავლო საფეხურების რიცხვი, ხოლო სესხის მომსახურების კოეფიციენტი კი, გაზრდილია. 

ცნობისთვის: სესხის მომსახურების კოეფიციენტი (PTI) ეს არის მსესხებლის/თანამსესხებლის ყოველთვიური გადასახდელებისა და ყოველთვიური წმინდა შემოსავლების თანაფარდობა - უფრო მარტივად კი, სესხის მომსახურების კოეფიციენტით განისაზღვრება, წმინდა შემოსავლებიდან რამდენი პროცენტის გადახდა შეეძლება კლიენტს ყოველთვიურად, სესხის მომსახურებისთვის. 

Bm.ge-ის ინფორმაციით, დებულების უახლეს პროექტში 5 საშემოსავლო საფეხური შემცირებულია 4-მდე, ხოლო სესხის მომსახურების კოეფიციენტები გაზრდილია. 

კერძოდ, სესხის მომსახურების კოეფიციენტი ჰეჯირებული მსესხებლებისთვის და უცხოური ვალუტის შემოსავლების მქონე არაჰეჯირებული მსესხებლებისათვის შემდეგია: 

<₾1,000 – 20პროცენტი; 

₾1,000-₾2,000 – 30პროცენტი; 

₾2,000-₾4,000 - 45პროცენტი; 

>₾4,000 - 50პროცენტი; 

ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, თუ პირის შემოსავალი 2000-დან 4000 ლარამდეა, ის შეძლებს სესხის მომსახურებისთვის ყოველთვიურად, წმინდა შემოსავლის მაქსიმუმ 45პროცენტი მიმართოს. 

რაც შეეხება, სესხის მომსახურების კოეფიციენტს ლარის შემოსავლების მქონე არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის: 

<₾1,000 – 20პროცენტი; 

₾1,000-₾2,000 – 20პროცენტი; 

₾2,000-₾4,000 - 25პროცენტი; 

>₾4,000 - 30პროცენტი; 

სესხის მომსახურების გაზრდილი კოეფიციენტების შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, bm.ge საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტს ალექსანდრე ძნელაძეს დაუკავშირდა, რადგან საქართველოს ეროვნულ ბანკში დეტალებზე, ჯერჯერობით, არ საუბრობენ. 

ალექსანდრე ძნელაძის თქმით, დებულების საბოლოო ვარიანტი, რომელიც კომერციული ბანკებისთვის 1 ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს, მარეგულირებელს მათთვის ჯერ არ გადაუგზავნია, მაგრამ სესხის მომსახურების კოეფიციენტები რომ გაიზარდა და საშემოსავლო საფეხურის რიცხვი შემცირდა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბანკების ლობისტიც ფლობს. 

ძნელაძე სესხის მომსახურების კოეფიციენტების გაზრდას ეროვნულ ბანკსა და საფინანსო ინსტიტუტების სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგად მიიჩნევს, მაგრამ იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ სექტორისთვის ახალი წესები ხისტია და მათ საკრედიტო პორტფელის შემცირების მოლოდინი აქვთ. 

„ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვმუშაობდით ეროვნულ ბანკთან და ისე არაა, რომ ეროვნული ბანკი არ გვემუშავებოდა ამ საკითხში; უბრალოდ, საუბარია იმაზე, თუ რას გამოიწვევს ახალი ცნებების შემოტანა - ეს ერთი საკითხია და მეორე - ეს კოეფიციენტები რამდენ ადამიანს შეუზღუდავს სესხის აღებას ანუ ეს იქნება კლიენტების 40პროცენტი თუ 50პროცენტი; რომ ვთქვა, ყველა შეძლებს სესხის აღებას, ოღონდ გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ-მეთქი, ასე არ იქნება. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ შემცირდება საკრედიტო პორტფელი, ხოლო ეროვნული ბანკის მოლოდინია, რომ პორტფელის ზრდის ტემპი შემცირდება მხოლოდ და არა - სესხების პორტფელი“, - განაცხადა ძნელაძემ და დასძინა, რომ საბანკო სექტორი ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის წესის საბოლოო დებულებას ელოდება. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით მედიისთვის განმარტება გააკეთა, სადაც თქვა, რომ მარეგულირებელი კომერციული ბანკებისთვის ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი წესის ამოქმედების ვადის გადაწევას არ განიხილავს, თუმცა მურთაზ კიკორიამ სესხის მომსახურების კოეფიციენტების გადახედვა არ გამორიცხა.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი