ლექვინაძე: დამატებითი ახალი რეგულაციები ბიზნესს პრობლემებს შეუქმნის

image

საფინანსო სექტორში ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით უფრო მეტი კონსულტაცია საჭირო, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა „ეკონომიქსში“ ისაუბრა.

ლექვინაძე არ გამორიცხავს, რომ მარეგულირებელი გარკვეულ დათმობაზე წავიდეს და მოიძებნოს „ოქროს“ შუალედი ბიზნესსა და ეროვნულ ბანკს შორის, იმ ფონზეც როცა საფინანსო სექტორი რეგულაციების საერთოდ შეჩერებას ითხოვს.

მისი თქმით, კონსულტაციებში ბიზნესომბუდსმენის აპარატიც ჩაერთვება.

ლექვინაძე ამბობს, რომ რეგულაციების ამ დრაფტით ამოქმედების შემთხვევაში ბიზნესს პრობლემები შეექმნება.

„რეგულაციების პირველი ტალღა მაისიდან ამოქმედდა და ჩვენთ ხელთ არსებული ინფორმაციით, განვადებების კუთხით 35 პროცენტი იანი შემცირებაა, ახალი რეგულაციები უფრო მასშტაბურია და შესაბამისად მისი შედეგი უფრო ცუდი იქნება“, - აცხადებს ლექვინაძე.

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ საფინანსო სექტორში ახალი რეგულაციების ამოქმედების შეჩერება ან გადავადება არ იგეგმება.

რეგულაცია კომერციული ბანკებისთვის პირველი ნოემბრიდან, ხოლო სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება ამოქმედდება, რომელიც ქვეყანაში სესხის გამცემ ორგანიზაციებს დამატებით შეზღუდვებს დაუწესებს. ასევე დგინდება, რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი