ნავთობის ფასი ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

image

სექტემბერში ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe-ის სანავთობო ბირჟაზე, ძირითადად, იზრდებოდა. კერძოდ, სექტემბრის განმავლობაში ის 5,24 დოლარით/ბარელზე ანუ 6,77პროცენტი-ით გაიზარდა და დღეისათვის 82,67 დოლარი/ბარელზე ღირს. ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

კავშირის ცნობით, აგვისტოს დასაწყისიდან ნავთობის ფასი, საშუალოდ, 8,42 დოლარით/ბარელზე ანუ 11.3 პროცენტი-ით არის გაზრდილი. ცნობისათვის, წლის დასაწყისში ბარელი ნავთობი საშუალოდ 6,7 დოლარი ღირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობის ახლანდელი ფასი, 2014 წლის ნოემბრის შემდეგ, ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მიმდინარე ეტაპზე ნავთობის ფასის ზრდა განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:

"როგორც ცნობილია, ნოემბრის თვიდან ძალაში ირანის წინააღმდეგ სანქციები შედის. შესაბამისად, არის მოლოდინი იმისა, რომ ირანიდან ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდება. უნდა ითქვას, რომ მიმდინარე ეტაპზე ინდური და ჩინური კომპანიები მასიურად აცხადებენ უარს ირანული ნავთობის შესყიდვაზე. აშშ ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპულ პოზიციას ავლენს. აშშ-ის მიზანია, რომ ირანიდან ნავთობის ექსპორტი დავიდეს ნულამდე. ასევე უნდა აღინიშნოს, „ოპეკის +“-ის შეთანხმება ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით, მიმდინარე ეტაპზე გეგმის მიხედვით ხორციელდება. თუმცა შესაძლებელია, ნავთობის ფასზე პოზიტიური გავლენა (შემცირებისკენ) მოახდინოს იმან, რომ საუდის არაბეთმა უახლოეს პერიოდში დაიწყოს ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის გაზრდა ყოველდღიურად 0.5 მლნ ბარელით. თუმცა ეს დამოკიდებულია ქუვეითთან, ამ ორი ქვეყნის ნეიტრალურ ზონაში ნავთობის მოპოვების განახლებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებზე", - აცხადებენ ნავთობიმპორტიორთა კავშირში.

კავშირის განმარტებით, აღსანიშნავია ასევე საქართველოს ეროვნული  ვალუტის  - ლარის  გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით, რომელთანაც პირდაპირ კავშირშია საწვავის ფასი. სექტემბერში ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, აგვისტოს დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2,4484 იყო, სექტემბრის დასაწყისში - 2,578 ერთეულს და თვის ბოლოს მისი გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით შეადგენდა 2,6151 ერთეულს.

შესაბამისად, საერთაშორისო ფასების მატებიდან გამომდინარე, და ბოლო პერიოდში დოლართან მიმართებით, ლარის მკვეთრი ვარდნის გამო, საქართველოს საწვავის საცალო ქსელში საწვავის ფასი გაიზარდა. კერძოდ, სექტემბერში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 5-8 თეთრით ლიტრაზე გაიზარდა.

დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ასეთია: რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,34-2,52 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,47-2,60 ლარი/ლიტრაზე, სუპერი ტიპის ბენზინი - 2,57-2,68 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი - 2,50-2,64 ლარი/ლიტრაზე.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი