აზარტული თამაშების რეკლამა შეიძლება შეიზღუდოს

image

რამდენიმე კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 100 მეტრის რადიუსში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი წერს.

ასევე იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, გარდა სპონსორობისა. სპონსორობის შემთხვევაში, დასაშვებია მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშების ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელების და სასაქონლო ნიშნის/ლოგოტიპის გავრცელება.

აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვა არ გავრცელდება წამახალისებელი გათამაშების რეკლამაზე, გარდა აზარტული და მომგებიანი თამაშების წამახალისებელი რეკლამისა.

კანონპროექტის თანახმად, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელების წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლის და რეკლამის დამკვეთის დაჯარიმებას თითოეულისათვის 10 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, დაჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შესაბამისი ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება წინა ჯარიმის ოდენობასთან შედარებით, ყოველ 1 თვეში.

ამასთან, შესაძლოა, აიკრძალოს ქართული ბარათებით უცხოურ აზარტულ და მომგებიან თამაშებზე ონლაინ გადახდებიც.

ამ მიმართულებით ცვლილებები „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ კანონში იგეგმება, რომელიც პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში წარედგინება.

ცვლილებების თანახმად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს (ყველა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს) აეკრძალება, ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს დაეკისრება ვალდებულება, არ დაუშვას მის მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათით უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ ინტერნეტ სივრცეში გადახდა საბარათე სქემის მიერ განსაზღვრული სათამაშო ბიზნესის მაიდენტიფიცირებელი კოდის საშუალებით.

საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები და ინიციატორები არიან დეპუტატები: ლევან გოგიჩაიშვილი, ირაკლი ბერაია, ირაკლი აბუსერიძე, გოგა გულორდავა, ბიძინა გეგიძე და ცოტნე ზურაბიანი.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი