გიორგი ქობულიამ და სესილია მალმსტრომმა საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს

image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბრიუსელში DCFTA (ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება)-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის სესილია მალმსტრომის ინიციატივით იმართება.

მინისტერიალის დაწყებამდე გიორგი ქობულია სესილია მალმსტრომს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს მიერ DCFTA-ის ფარგლებში შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შესრულება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის DCFTA-ს ეფექტური განხორციელება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ითვალისწინებს მისი ეკონომიკის ევროკავშირის შიდა ბაზართან ეტაპობრივ ინტეგრაციას, რაც უზრუნველყოფს მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი სამომხმარებლო ბაზრის ხელმისაწვდომობას ტარიფებისა და კვოტების გარეშე.

მომწოდებელი: news.ge

დატოვე კომენტარი