ISET: ბიზნესის განწყობის ინდექსი შემცირდა

image

2018 წლის III კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი გაუარესდა და 35.4 პუნქტამდე შემცირდა, რაც 4.2 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება წინა კვარტლის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს. 

ISET-ის კვლევის მიხედვით, 3 კვარტალში ზრდის შემდეგ, ინდექსი BCI 4.2 პუნქტით გაუარესდა და 35.4 პუნქტი შეადგინა.

როგორც Forbes-ი წერს, კლება მოლოდინების შემცირებამ და ბიზნესის მრავალ სექტორში გასული სამი თვის განმავლობაში საქმიანობის გაუარესებამ განაპირობა. სხვა სექტორებთან შედარებით, მრეწველობის სექტორმა ყველაზე პესტიმიტურად შეაფასა როგორც მიმდინარე საქმიანობა, ასევე მოლოდინები, მაშინ როცა სოფლის მეურნეობის სექტორი ყველაზე ოპტიმისტურად არის განწყობილი.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი მცირედით არის შემცირებული, თუმცა ისევ მაღალია გასული წლის მოლოდინებთან შედარებით. მომსახურების და მშენებლობის სექტორი მომდევნო კვარტალში კვლავ ფასების ზრდას ელის. 

გაუარესებულია მოლოდინების და მიმდინარე საქმიანობის ინდექსი, როგორც დიდი ზომის, ისე მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების შემთხვევაში.

დიდი ზომის ბიზნესისთვის საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორად ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და აღჭურვილობა სახელდება. ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესების უმეტესობა მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად კვლავ ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და მოთხოვნის სიმცირეს ასახელებს.

ბიზნესის განწყობის ინდექსი სფეროების მიხედვით შემდეგნაირად შეიცვალა: 

წარმოება - შემცირდა 36.2 პუნქტით და შეადგინა 16.8
მშენებლობა - გაიზარდა 16.4 პუნქტით და შეადგინა 37.2
საცალო ვაჭრობა - შემცირდა 10.1 პუნქტით და შეადგინა 25.1
სერვისი - გაიზარდა 4.7 პუნქტით და შეადგინა 48.4
სოფლის მეურნეობა - გაიზარდა 13.4 პუნქტით და შეადგინა 29.8
საფინანსო სექტორი - შემცირდა 36.2 პუნქტით და შეადგინა 14.5 
ბიზნესის განწყობის ინდექსს ISET-ი BIA-სთან და ICC Georgia-სთან ერთად ადგენს.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი