გორში ფერმერებს კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა წარუდგინეს

image

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ხუცაიძემ გორში,  შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი კოოპერატივების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების“ სახელმწიფო პროგრამა  გააცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამაპროგრამა  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვაში ფინანსურ მხარდაჭერას და  კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის შეფუთვისათვის საჭირო აღჭურვილობის თანადაფინანსებას მოიცავს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge  2019 წლის 1 მარტამდე გაგრძელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება მომსახურების შესყიდვა, რომელიც მოიცავს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვას კოოპერატივების კუთვნილ საწარმოში. სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეეძლებათ მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთაც  საკუთრებაში გააჩნიათ რძის გადამამუშავებელი საწარმო. მათი მხრიდან თანამონაწილეობის თანხა შეადგენს მომსახურების ღირებულების 10%- ს .

სახელმწიფო პროგრამა ასევე მოიცავს  ბრენდირების  კომპონენტს. პროგრამაში მონაწილე კოოპერატივებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო დაეხმარება წარმოებული პროდუქციისათვის შეფუთვის დიზაინის, სასაქონლო ნიშნის, ლოგოს დიზაინის და სხვა მარკეტინგული მასალების შექმნის პროცესში. ბრენდირების კომპონენტში გათვალისწინებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმოებული პროდუქციისათვის  საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო დანადგარის შესყიდვაში 70%-იანი თანადაფინანსება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და მათი წარმოებული პროდუქციის ბრენდირება ხელს შეუწყობს კოოპერატივების  პოტენციალის გაძლიერებას, მათი ეფექტურობის და მდგრადობის ამაღლებას.

მომწოდებელი: news.ge

დატოვე კომენტარი