21 აგვისტოდან ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ

image

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება 21 აგვისტოდან იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ.

„სიახლე გვაქვს ის, რომ გვქონდა კომუნიკაცია იუსტიციის სამინისტროსთან და ნებართვის აღება ასევე შესაძლებელი იქნება იუსტიციის სახლში. გარდა იმისა, რომ ზოგადად გავამარტივეთ ეს პროცედურები და შესაძლებელია, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ ლიცენზია, ასევე მომსახურების მიღება შესაძლებელია ათივე გამგეობაში და 21 აგვისტოდან ამას ემატება იუსტიციის სახლი.

როგორც იცით, მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან, ნებართვის გარეშე ტაქსით მომსახურება აკრძალულია. სწორედ ამიტომ, მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც მოქალაქეებისთვის აღნიშნული სერვისის მიწოდებას აპირებს, პირველ ოქტომბრამდე ტაქსით მომსახურების ნებართვა აიღონ, იაქტიურეთ.

1 ოქტომბრიდან ვისაც არ ექნება ლიცენზია, შეუძლებელია მან ეს სერვისი განახორციელოს. შემოწმებისას, ვისაც ლიცენზია არ ექნება, დაჯარიმდება. თუ არ ვცდები, ჯარიმა 200 ლარი არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ერთწლიანი ნებართვის მისაღებად, მძღოლები 100 ლარს გადაიხდიან, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი - 50 ლარს.

ნებართვის მისაღებად აუცილებელია ელექტრონული განცხადების შევსება ვებგვერდზე, სადაც მოცემულია მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, რომელსაც ავსებს ნებართვის მაძიებელი.

ამასთან ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ტაქსით გადაყვანის ნებართვის აღების მსურველებს საფასო შეღავათს სთავაზობს.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი