NYT: რატომ არის თურქული ლირის კრიზისი მნიშვნელოვანი სხვა ქვეყნებისთვის

image

თურქეთი დღეს უპირველესი საზრუნავია, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას ის ფაქტი იპყრობს, რომ იქ შექმნილი ფინანსური პრობლემები შეიძლება სხვა სწრაფად განვითარებად, მაგრამ რისკებით სავსე ქვეყნებსაც გადაედოს. თურქული ლირის კრიზისს სტატიას New York Times-ი უძღვნის.

რა ხდება თურქეთში?

ბოლო კვირის განმავლობაში თურქული ლირის ღირებულება 20%-ზე მეტით დაეცა, რამაც ფინანსურ ბაზრებზე შოკი გამოიწვია. აღმოსავლეთის დროით 16 საათზე ერთი თურქული ლირა 15 ცენტზე ნაკლები ღირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 დოლარი სულ რაღაც 7 ლირაზე ოდნავ ნაკლები ღირდა.

ერთი შეხედვით ეს კონკრეტულად თურქეთის პრობლემა ჩანს, რადგან ქვეყნის ეკონომიკა დასუსტებულია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს ქვეყნის ეკონომიკა 4.4%-ით გაიზრდება, რაც 2017 წლის 7%-ზე ნაკლებია.

იმავდროულად, თურქეთის ავტორიტარული პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყნის ეკონომკურ პოლიტიკაზე სულ უფრო მეტ კონტროლს აწესებს.

ფინანსთა მინისტრად მან თავისი სიძე დანიშნა. მთელი რიგი განცხადებით, ის ქვეყნის ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის შეზღუდვას უწყობს ხელს და მაღალი საპროცენტო განაკვეთების წინააღმდეგ გამოდის.

დაბალი საპროცენტო განაკვეთები ზრდას ხელს უწყობს, თუმცა ინფლაციასაც აძლიერებს. თურქეთში კი ინფლაციის დონე წლიურ 16%-ს უახლოვდება. ივლისში ინფლაციის წლიური დონე თითქმის 16% იყო, რაც 15 წლის სარეკორდო მაჩვენებელია.

უცხოელი ინვესტორები შეშინებულები არიან და ქვეყნიდან ფული გააქვთ. პრაქტიკულად ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ლირას ყიდიან და დოლარს ან სხვა რომელიმე ვალუტას ყიდულობენ. ამის შედეგად, ლირის ღირებულება მკვეთრად დაეცა. ამან შეიძლება თურქეთის ეკონომიკა და ფინანსური სისტემა თავდაყირა დააყენოს.

რა მნიშვნელობა აქვს ამას მსოფლიოსათვის?

როგორც გამოცემა წერს, თურქეთის ეკონომიკა იმდენად დიდი არ არის, რომ მისმა კოლაფსმაც კი მსოფლიო ეკონომიკაზე დიდი ზეგავლენა იქონიოს.

მაგრამ თურქეთის ამბების ზოგი შემადგენელი აჩვენებს, თუ როგორი უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს უცხოელი ინვესტორების ასეთმა მასობრივმა გასვლამ სხვა ფინანსურ ბაზრებზე.

ბოლო წლების განმავლობაში ინვესტორებმა მსოფლიოს უფრო მდიდარი რეგიონებიდან, მაგალითად, შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან და იაპონიიდან, განვითარებადი ბაზრის მქონე ქვეყნების, თურქეთის, სამხრეთი აფრიკასა და არგენტინის მთავრობებსა და კომპანიებს მრავალი მილიარდი დოლარი ასესხეს.

ასეთი ქმედება მიმზიდველი ჩანდა, ვინაიდან შეერთებულ შტატებსა და სხვა განვითარებულ ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთები დაუჯერებლად დაბალი იყო, რადგან ცენტრალური ბანკები ცდილობდნენ თავიანთი ქვეყნების ეკონომიკა ბოლო რეცესიის შემდეგ გაჯანსაღების გზაზე დაეყენებინათ. თურქეთის მსგავს ქვეყნებში დაწესებული უფრო მაღალი განაკვეთები უცხოურ კაპიტალს მაგნიტივით იზიდავდა.

ახლა, როცა შეერთებული შტატების ეკონომიკა ისევ გაძლიერდა, ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა საპროცენტო განაკვეთების ამაღლება დაიწყო, რის გამოც ფულის ამერიკის ბაზრებში დაბანდება უფრო მომგებიანი ჩანს. დოლარის გაძლიერებაც ამან გამოიწვია.

დოლარის გაძლიერება ცუდი ამბავია იმ უცხო ქვეყნებისა და კომპანიებისათვის, რომლებსაც სესხები დოლარში აქვთ აღებული. ამის მიზეზი ის არის, რომ ვალუტების კურსის ცვლა ყოველთვის შეფარდებითია.

თუ დოლარი გაძლიერდა, სხვა ვალუტები დასუსტდება და პირიქით. შესაბამისად, ძლიერი დოლარის პირობებში უცხოელებს დოლარებში აღებული სესხების გასტუმრება უფრო უჭირთ.

თურქეთი სულაც არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც უცხოურ ინვესტიციებზე დამოკიდებული გახდა. ანალოგიური ვითარებაა არგენტინასა და სამხრეთ აფრიკაში. ზოგი ექსპერტი სწორედ ამიტომ მიიჩნევს, რომ თურქეთში წარმოქმნილი პრობლემები რაღაც უფრო დიდი მოვლენის დასაწყისია.

ორშაბათს არგენტინის ცენტრალურმა ბანკმა ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთები ხუთი საპროცენტო ერთეულით გაზარდა. ეს ნაბიჯი იმიტომ გადაიდგა, რომ საკუთარი ვალუტა გაემყარებინათ და უცხოელი ინვესტორებისათვის ქვეყანაში დარჩენის სურვილი გაეჩინათ.

როგორ ვრცელდება პრობლემები?

წარსულში ასეთი რამ ნამდვილად მომხდარა. 1994 წ. მექსიკის მთავრობამ პესოს დევალვაცია მოახდინა, რის შემდეგაც ტეკილას კრიზისის სახელით ცნობილი ფინანსური არასტაბილურობის პერიოდი დაიწყო. 1997 წელს ტაილანდური ბაჰტის დაცემამ ფინანსური კრიზისი მთელ აღმოსავლეთ აზიაში გამოიწვია.

ხოლო 1998 წელს რუსული რუბლის დევალვაციამ განვითარებული სამყაროს გულში არასტაბილურობის წარმოქმნის საფრთხე შექმნა მას შემდეგ, რაც დიდი ამერიკული კომპანიის, Long Term Capital Management-ის კოლაფსს შეუწყო ხელი და აშშ-ის ფინანსურ ბაზრებზე პანიკა გამოიწვია.

წინა კრიზისების დროს პრობლემების გავრცელების ერთ-ერთი გზა საბანკო სისტემაზე გადიოდა. უცხოური ბანკები სესხებს აძლევდნენ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების კომპანიებს, ინვესტორებსა და მთავრობებს.

მსესხებლების დეფოლტის შემთხვევაში ეს სესხები დიდ დანაკერგებს იწვევდა და ათასობით კილომეტრის სიშორეზე მდებარე სისტემებს აზარალებდა.

მეორე მხრივ, მოვლენები, რომლებსაც თითქოს მსოფლიო ფინანსური სისტემის შერყევა შეუძლიათ, ხანდახან ყოველგვარი შედეგის გარეშე მთავრდება.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი