მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეგულაციების გადავადებას ითხოვენ

image

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დაანონსებული რეგულაციების გადავადებას ითხოვენ. კომპანიებში აცხადებენ, რომ სხვა შემთხვევაში მიკროსაფინანსოების ნაწილი ბაზრიდან გავა, დარჩენილები კი გამხსვილდებიან. ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 5 ივლისის ბრძანების თანახმად, მიკროსაფინანსოების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 2018 წლის 31 დეკემბრამდე არანაკლებ 500 ათასი ლარი, 2019 წლის 30 ივნისამდე კი არანაკლებ 1 მლნ ლარი უნდა იყოს. მთავრობის მიერ დაანონსებული რეგულაციებით კი სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა, 100%-დან 50%-მდე მცირდება.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ბოლო ორ წელში რეგულატორის მხრიდან საფინანსო სექტორში ძალიან ბევრი რეგულაცია ამოქმედდა. ეს განსაკუთრებით მტკივნეულად არასაბანკო სექტორზე აისახა.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 100%-იანი ჭერის 50-%-მდე შემცირება და საზედამხედველო კაპიტალის მილიონამდე გაზრდა არასაბანკო საფინანსო სექტორს ძალიან ცუდ ვითარებაში ჩააგდებს. საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი მომხმარებლებზე აისახება.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარის, ბესიკ შენგელია განცხადებით, სექტორში დაგეგმილი რეგულაციები ბევრ საფრთხეს შეიცავს. მისი თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურების თვითღირებულება ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ბანკების. საბანკო სექტორისგან განსხვავებით იაფი ფულის რესურსთან წვდომა მიკროსაფინანსოებს ნაკლებად აქვთ.

მისივე განმარტებით, ასოციაცია დაგეგმილი რეგულაციების გადახედვას და 2019 წლის აპრილამდე გადავადებას ითხოვს.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი