საგადასახადო დავალიანება 27 000 გადამხდელს ჩამოეწერება

image

საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც დადებითად აისახება მეწარმეებზე: ისინი ეკონომიკურ აქტივობას დაუბრუნდებიან და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნიან- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ  პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი შესაბამისი ცვლილება პირველი მოსმენით განიხილეს. 

„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 27 ათასი გადამხდელიდან, რომელიც ამ ცვლილებით ისარგებლებს, 23 ათასი - ფიზიკური პირია. დავალიანების ჩამოწერა ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს არა მარტო ეკონომიკური საქმიანობა, არამედ, ზოგადად, ცხოვრება გაუადვილდებათ. ზოგიერთ მათგანს აქამდე, შესაძლოა, ტელეფონის განვადებით ყიდვაც კი არ შეეძლო“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. 

პარლამენტის პრესამსახურის ცნობით, საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება, ითვალისწინებს გადამხდელებისთვის 2013 წლის პირველ იანვრამდე დაგროვილი საგადასახადო დავალიანებისა და მასზე დარიცხული საურავების სრულ ჩამოწერას.

ამ დავალიანების ჯამური მოცულობა 550 მილიონი ლარია.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი