ტაქსის მძღოლები მიკრომეწარმეებად დარეგისტრირებას შეძლებენ

image

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმში ცვლილება შედის, რომლის თანახმად, სხვადასხვა სახის საქმიანობით დაკავებულ პირებს, მათ შორის, ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა მიეცემათ, მიკრომეწარმეებად დარეგისტრირდნენ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა. ინფორმაციას 1tv-ი ავრეცელებს.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის შესახებ“ დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.

გაგუას განმარტებით, აღნიშნული სტატუსი მათ საშუალებას მისცემს, თავიანთი შემოსავალი დაადეკლარირონ და ამავე დროს, არანაირი საგადასახადო ვალდებულება არ ჰქონდეთ.

„ეს ცვლილება ემსახურება იმას, რომ სხვადასხვა ტიპის საქმიანობა, მაგალითად, ტაქსის მძღოლები შესაძლებელია,  დარეგისტრირდნენ მიკრომეწარმეებად, რომლებსაც არანაირი საგადასახადო ვალდებულება არ ექნებათ, არ ექნებათ ვალდებულება სალარო აპარატის ქონის და მათი საქმიანობა გათავისუფლებული იქნება ყველა გადასახადისგან“ – განაცხადა გაგუამ.

მინისტრის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ტაქსის მძღოლების საქმიანობა ლიცენზირებას დაექვემდებარა, მათთვის მიკრომეწარმის სტატუსით დარეგისტრირებაც შესაძლებელი ხდება, რაც აქამდე არ იყო.

რაც შეეხება სხვა მსგავსი ტიპის საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს – რეპეტიტორებს, ძიძებს, მიკრომეწარმის სტატუსით სარგებლობა მათაც შეუძლიათ და აქამდეც შეეძლოთ – წლიურად 30 000 ლარზე ნაკლები შემოსავლის შემთხვევაში, რაც მიკრომეწარმეობის ზედა ზღვარია, 0 პროცენტიანი დაბეგვრის რეჟიმი მოქმედებს; ხოლო თუ შემოსავალი 30 000 ლარს გადააჭარბებს, მათთვის ხელმისაწვდომი იქნება მცირე მეწარმის სტატუსი, დაბეგვრის 1 პროცენტიანი რეჟიმით.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი