პრემიერი: ჩვენ ვფიქრობთ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეზღუდვაზე

image

საქართველოს პრემიერ–მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტზე შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს. 

ამის შესახებ ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რევაზ არველაძის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

"ხომ არ იქნებოდა კარგი ან აგვეკრძალა, ან სერიოზულად შეგვეზღუდა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა", – მიმართა კითხვით დეპუტატმა პრემიერს. 

"მე უახლოეს მომავალში წარვადგენ მნიშვნელოვან ინიციატივებს ეკოლოგიურ პოლიტიკასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, მსუბუქი ავტომობილები იქნება მისი ნაწილი. დიახ, ჩვენ ვფიქრობთ ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილებთან მიმართებაში, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, მაგრამ რაც შეეხება ელექტროძრავიან ავტომობილებს, მე ვფიქრობ, ეს არ იქნებოდა ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილება. მათი რაოდენობა სამწუხაროდ, ისედაც მცირეა. პირიქით, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ იმის სტიმულირება, რომ რაც შეიძლება, ბევრი ელექტროძრავიანი ავტომობილი გვყავდეს საქარტველოში და ზოგადად, ეს უნდა იყოს ჩვენი სტრატეგია მსუბუქ ავტომობილებთან მიმართებაში", – განაცხადა ბახტაძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა განახლებული მთავრობა უნდა დაამტკიცოს, სადაც 10 სამინისტრო და ერთი მინისტრის აპარატი იქნება წარმოდგენილი. ამ წუთებში მთავრობის წევრობის კანდიდატები და პრემიერ–მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობენ. 

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი