რა უნდა იცოდეს მოვალემ ვადაგადაცილებული სესხის შესახებ, რომ მომავალში სესხის აღება შეძლოს

image

„კრედიტ ინფო საქართველოს“ ბაზაში მსესხებელზე ნეგატიური ჩანაწერი მართალია, მხოლოდ 5 წლის განმავლობაში რჩება, თუმცა სტატუსი „იყო ნეგატიური“ საფინანსო ინსტიტუტების შიდა ბაზაში მუდმივადაა. 
საფინანსო ორგანიზაციები კი სესხის გაცემისას გარდა „კრედიტ ინფო საქართველოს“ ბაზისა, შიდა ბაზით ხელმძღვანელობენ და სესხის გაცემის გადაწყვეტილებას მხოლოდ პირის საკრედიტო ისტორიის გაანალიზების შემდეგ იღებენ. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ ყველა მსესხებელმა საფინანსო ორგანიზაციების მიმართ ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს, რათა მომავალში მას დამატებითი პრობლემები არ შეექმნას. 

„ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, თუ რა გამოსავალს ხედავენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში.

სააგენტოს ცნობით, თითოეული საფინანსო ინსტიტუტი, იქნება ეს ბანკი თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს ძირითად ანალიზს და რისკების შეფასებას, „კრედიტ ინფო საქართველოს“ მონაცემები ამ შემთხვევაში დამატებით ინფორმაციას წარმოადგენს. ყველას დაუგროვდა გარკვეული მონაცემთა ბაზა, რის საფუძველზეც ხორციელდება საკრედიტო რისკების შეფასება. 

აქედან ცალსახაა, რომ საკრედიტო ინსტიტუტები კლიენტებზე ჩანაწერებს ინახავენ, სადაც ნათლად ჩანს კლიენტის საკრედიტო ქცევა, თუ როგორ იხდიდა ის ვალდებულებებს წარსულში. შესაბამისად, კომპანიები თავად გადაწყვეტენ მიდგომას ამა თუ იმ ისტორიულად ნეგატიური საკრედიტო ქცევის კლიენტთან. მომხმარებელს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ წარსულში ვადაგადაცილების ჩანაწერის არარსებობა მას გაუმარტივებს სესხის აღებას ახლა ან მომავალში.

იმისათვის, რომ ადამინი არ მოხვდეს არც „შავ სიაში“ და არც ქონება დაკარგოს, შესაბამისად, მომავალშიც ისარგებლოს საკრედიტო პროდუქტებით, აუცილებელია პასუხისმგებლობის გათავისება და საფინანსო სექტორის მიმართ აღებული ვალდებულების შესრულება. ხშირად კლიენტები უშვებენ შეცდომას და კომპანიის წარმომადგენებთან სრულიად არასწორ კომუნიკაციას ამყარებენ. მოვალეების ნაწილი ამბობს, რომ „ორგანიზაცია მათ ვერაფერს ვერ დაუშავებს“, ეს რა თქმა უნდა, მცდარი შეხედულებაა, რაც საბოლოოდ ნეგატიურად აისახება მსესხებელზე.

რა უარყოფითი შესაძლებელია მოყვეს გადაუხდელ სესხს: 1. ე.წ „შავი სია“-ში მოხვედრა; 2. მომავალში სესხის აღების გართულება; 2. სასამართლო წარმოება, რომელსაც შესაძლებელია მოყვეს ვალდებულების ზრდა; 3. სააღსრულებლო ბიუროს ვიზიტი და ქონების კონფისკაცია (ჩამორთმევა/გაყიდვა); 4. საბანკო ანგარიშების დაყადაღება, კლიენტი ვეღარ შეძლებს ბანკში ოპერაციების განხორციელებას და ა.შ. 

ასევე არასწორია საფინანსო სექტორის მოთამაშეებთან სესხების რანჟირება. კერძოდ, მსესხებლების ნაწილი ფიქრობს, რომ ჯერ ბანკის სესხი უნდა დაფაროს, შემდეგ კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან ონლაინ-სესხების კომპანიების. ასეთ დროს, ამ მსესხებლის საკრედიტო ისტორია ხდება „ნეგატიური“ ვთქვათ ონლაინ სესხების კომპანიაში და სესხს ის უკვე ვერც ბანკში აიღებს, ვინაიდან ბანკი ამ ვადაგადაცილებულ სესხს მაღალი რისკის კატეგორიას მიანიჭებს. ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა საკრედიტო ვალდებულებას ერთიანი პრინციპით მივუდგეთ, რომ ყველა ვალი არის გადასახდელი, პასუხისმგებლობა ერთნაირი სიმძიმისაა ნებისმიერი ინსტიტუტის თუ საკრედიტო პროდუქტის შემთხვევაში. 

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი