მაია ცქიტიშვილი: გასულ წელს ბიუჯეტმა 100 მილიონი ლარი დაზოგა

image

„არც მაშინ, როდესაც 18-დან 14-მდე შევამცირეთ მთავრობის რაოდენობა და არც დღეს არ ვამბობთ, რომ სამინისტროების შემცირების მთავარი მიზანი არის ხარჯების შემცირება. მთავარი არის ამ შემთხვევაში უფრო ეფექტიანი მმართველობა, უფრო სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და ნაკლები ბიუროკრატია“, - განაცხადა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გადაცემაში „პირისპირ“.

ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, 100 მილიონი ლარის დაზოგვა მოხერხდა. მინისტრთა კაბინეტის შემცირებით კი - 4 მილიონი ლარის და გაუქმდა 300-ზე მეტი საშტატო ერთეული.

2017 წელს 2016 წელთან შედარებით, არა ამ სამინისტროების გაერთიანებით, არამედ ჩვენი ძალისხმევით, რომელიც მიმართული იყო ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისკენ, ჩვენ 2017 წელს 2016 წელთან შედარებით მოვახერხეთ ადმინისტრაციული ხარჯების 100 მილიონზე მეტით შემცირება, მათ შორის სახელფასო ფონდის. ხოლო 2017 წელს, იმ ცვლილებებით, რომლებიც უკვე სამინისტროების შემცირებასთან იყო დაკავშირეული, უკვე 4 მილიონ ლარამდე დაიზოგა, 300-ზე მეტი საშტატო ერთეული შემცირდა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.


პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მცირე მთავრობის კონცეფცია წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო მსხვილდება. მას ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი დაემატება.

ახალი კონცეფციით, მინისტრთა კაბინეტი 11 წევრით განისაზღვრება. იქნება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს დროებით მთავრობას ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა. ახალი მთავრობა საქმიანობას კიდევ ორი კვირის განმავლობაში შეასრულებს.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი