ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი პირობების ამოქმედების დრო ცნობილია

image

2018 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, იპოთეკური და ინდივიდუალურ მეწარმეებზე გაცემული სესხების ზრდის წლიურმა ტემპმა მოიმატა, სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი კი შემცირდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შინამეურნეობებზე გაცემული სესხები წლიურად 21.4 პროცენტით გაიზარდა და 2018 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით მშპ-ს 35 პროცენტია.

ეროვნულმა ბანკმა საჯაროდ გააზიარა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულების სამუშაო ვერსია, რომელიც ბაზრის მონაწილეებთან განხილვის შემდეგ დაიხვეწება და 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

დებულების პროექტის მიხედვით, ფინანსურმა ინსტიტუტებმა სესხები კლიენტის გადახდისუნარიანობის შესწავლის საფუძველზე უნდა გასცენ.

დებულების ამოქმედებამდე, გარდამავალ პერიოდში, ბანკების მიერ კლიენტის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე გაცემული სესხების აგრესიულად ზრდის თავიდან ასაცილებლად, ასეთი სესხების მოცულობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25 პროცენტამდე შეიზღუდა.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი