ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება

image

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა 2018 წლის 14 ივნისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება კონტრციკლური ბუფერის უცვლელად, 0%-ზე, დატოვების შესახებ. კომიტეტის შეფასებით, მიმდინარე პერიოდში ჯამური დაკრედიტების ზრდა შესაბამისობაშია მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდასთან. 2018 წლის პირველ კვარტალში სესხების წლიურმა ზრდამ, კურსის ეფექტის გამორიცხვით, 19.6 პროცენტი შეადგინა. 

"საგარეო სექტორში არსებული დადებითი ტენდენციები ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას. 2018 წლის პირველ კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი იყო და 5.2 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული შედეგის მიუხედავად, არსებული შეფასებით, ერთობლივი მოთხოვნა მშპ-ის პოტენციურ დონეს ჯერ კიდევ ჩამორჩება. სესხების ფარდობა მშპ-თან 60 პროცენტის ფარგლებშია, რაც ბაზელის მეთოდოლოგიით შეფასებულ ტრენდთან ახლოსაა. მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო ზრდა იყოს ეკონომიკური აქტივობის თანაზომიერი და სესხების ზრდა ხელს უწყობდეს ეკონომიკის მდგრად ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ისე, რომ არ დაგროვდეს ფინანსური სტაბილურობის ჭარბი რისკები. 

2018 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, მოიმატა იპოთეკური და ინდივიდუალურ მეწარმეებზე გაცემული სესხების ზრდის წლიურმა ტემპმა, სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი კი შემცირდა. შინამეურნეობებზე გაცემული სესხები წლიურად 21.4 პროცენტით გაიზარდა და 2018 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით მშპ-ს 35 პროცენტია. ქვეყნის განვითარებასთან ერთად მოსალოდნელია შინამეურნეობების სესხების მშპ-თან ფარდობის ზრდა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ზრდის ტემპი იყოს ზომიერი და არ იწვევდეს სისტემური რისკების დაგროვებას. ფინანსური ინსტიტუტები ჭარბვალიანი მოსახლეობის რისკს ხშირად მაღალ საპროცენტო განაკვეთში ასახავენ, თუმცა, არ ითვალისწინებენ იმ თანმდევ უარყოფით მოვლენებს, რასაც ეკონომიკაში გადახდისუუნარო სამუშაო ძალის ზრდა იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ არ ჩამოყალიბდეს ფინანსური პრობლემების მქონე მოსახლეობის მზარდი მასა, რომელსაც შეეზღუდება წვდომა საბანკო ანგარიშებზე და შეუმცირდება ფორმალური ეკონომიკური აქტივობის შესაძლებლობა. აღნიშნულის საპასუხოდ, ეროვნული ბანკი 2017-2018 წლების განმავლობაში ეტაპობრივად ნერგავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ევრო-დირექტივების მოთხოვნების შესაბამის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტებს. 

ეროვნულმა ბანკმა საჯაროდ გააზიარა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულების სამუშაო ვერსია, რომელიც ბაზრის მონაწილეებთან განხილვის შემდეგ დაიხვეწება და 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. დებულების პროექტის მიხედვით, ფინანსურმა ინსტიტუტებმა სესხები კლიენტის გადახდისუნარიანობის შესწავლის საფუძველზე უნდა გასცენ. დებულების ამოქმედებამდე - გარდამავალ პერიოდში - ბანკების მიერ კლიენტის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე გაცემული სესხების აგრესიულად ზრდის თავიდან ასაცილებლად, ასეთი სესხების მოცულობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25 პროცენტამდე შეიზღუდა. დებულების ამავე პროექტის მიხედვით, დაგეგმილია სესხის მომსახურებისა (PTI) და უზრუნველყოფის (LTV) კოეფიციენტების მაქსიმალური ლიმიტების დაწესება, რაც არასაბანკო სექტორზეც გავრცელდება. გარდა ამისა, პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას სესხის მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ლიმიტის 50 პროცენტამდე შემცირების თაობაზე, რაც, ასევე, ხელს შეუწყობს ბაზარზე მაღალრისკიანი პროდუქტების შეკვეცას. 

კომპანიების დაკრედიტების ზრდა ზომიერია. 2018 წლის პირველ კვარტალში კომპანიებზე ბანკების მიერ გაცემული სესხების ზრდამ, კურსის ეფექტის გამორიცხვით, 14.7 პროცენტი შეადგინა. თუმცა, კომპანიების შემთხვევაში, ბანკებისგან მოზიდული სესხების გარდა, ასევე, გასათვალისწინებელია ალტერნატიული დაფინანსების ისეთი წყაროები, როგორიცაა პირდაპირი საგარეო სესხები და კორპორატიული ობლიგაციები. 2018 წლის მარტის მონაცემებით, კომპანიების ჯამურ დაკრედიტებაში საგარეო პირდაპირი დაფინანსების წილი 52 პროცენტი, ხოლო ობლიგაციების წილი კი 1.8 პროცენტია. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციების ბაზარი 2016 წლიდან მკვეთრი ზრდით ხასიათდება და მოსალოდნელია, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარების პარალელურად, კიდევ უფრო გაიზრდება. საგარეო შოკიდან ეკონომიკის გამოსვლის ფონზე, კომპანიების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც უმოქმედო სესხების შემცირებაში აისახა. 

საბანკო სექტორი მაღალ ლიკვიდობასა და კაპიტალიზაციას ინარჩუნებს. 2017 წლის დეკემბერში, ბაზელ III სტანდარტების შესაბამისად, შემოღებულ იქნა კაპიტალის ადეკვატურობის ახალი ნორმები, რომელთა ფარგლებში ბანკების კაპიტალის ხარისხი გაუმჯობესდა და რისკებზე უფრო მეტად ორიენტირებული გახდა. აღსანიშნავია, რომ უმოქმედო სესხების წილი მთლიან დაკრედიტებაში შემცირების ტენდენციით ხასიათდება. 

მიუხედავად საგრძნობი შემცირებისა, დოლარიზაცია ფინანსური სექტორისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. კომიტეტის შეფასებით, უცხოური საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი ზრდის ფონზე, განსაკუთრებით საყურადღებოა უცხოური ვალუტის ვალდებულებების მაღალი წილი ბანკების დაფინანსებაში. ეროვნული ბანკი რეგულარულად აფასებს საბანკო სექტორის მგრძნობელობას სტრესული სცენარების მიმართ; შეფასების შედეგები ცხადყოფს, რომ საბანკო სექტორი მნიშვნელოვანწილად მდგრადია უცხოური ვალუტის საპროცენტო რისკის მიმართ. საკრედიტო რისკის მიმართ ფინანსური სექტორის მდგრადობის გასაზრდელად, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესში ცვლილების შესახებ. კერძოდ, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 5-დან 10 პროცენტულ პუნქტამდე გაიზარდება სხვაობა უცხოური და ადგილობრივი ვალუტის სესხების მომსახურებისა (PTI) და უზრუნველყოფის (LTV) კოეფიციენტების მაქსიმალურ მაჩვენებლებს შორის, რაც ლარიზაციის ხელშეწყობის დამატებითი ზომაა. 

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის", - განმარტავენ სებ-ში. 

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 27 სექტემბერს გაიმართება.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი