სასესხო ხელშეკრულებაში საკომისიოსა და სხვა ხარჯების ჩაწერა სავალდებულო ხდება

image

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის წლიური ლიმიტი, ნაცვლად დღეს არსებული 100%-სა, ნახევრდება და ჩამოდის 50%-მდე.

„გვქონდა შემთხვევები, როდესაც საკრედიტო ხელშეკრულებაში იწერებოდა პროცენტი, შემდეგ ჩნდებოდა სხვა ტიპის ხარჯები, მაგალითად სესხის გაცემის საკომისიო, მომსახურების საკომისიო და ა.შ. რეალურად ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გამოდიოდა უფრო მაღალი. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი პრაქტიკა და აქედან გამომდინარე, ყველა საფინანსო ინსტიტუტი თუ კერძო პირი, ვინც იქნება დაკავებული ფინანსური საქმიანობით, ვალდებული იქნება, თავის მომხმარებელთან კონტრაქტში დააფიქსიროს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ყველა ხარჯის მითითებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს წლიურ 50%-ს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჯარიმების ლიმიტი წესდება.

„სესხის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ნებისმიერი ხარჯის (ჯარიმა, ნებისმიერი საკომისიო, ფინანსური ხარჯი, პირგასამტეხლო) ოდენობაზე და განისაზღვრება წლიური 98.55%-ის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული წლიური 150%-ისა. ზღვარის დაწესებით, ეს ხარჯების ლიმიტი მცირდება 51.45%-ით“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ვადაგადაცილების შემთხვევაში, წესდება მსესხებლისათვის დასაკისრებელი ჯარიმების/სანქციების ლიმიტი, რომელიც დაანგარიშდება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხიდან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის მიუხედავად არ გადააჭარბებს დარჩენილი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი