ირანი ახალი ბრენდის ნავთობს გამოუშვებს

image

ირანი ახალ West Karoun-ის ბრენდის ნავთობს გამოუშვებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, საწვავის რეალიზაცია მაისის ბოლოდან, ან ივნისის დასაწყისიდან დაიწყება. ნავთობის პირველი პარტია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, რადგანაც ახალი საწვავის ხარისხში საერთაშორისო ბაზარზე ჯერ ეჭვი ეპარებათ.

ახალი ბრენდის ნავთობი West Karoun-ის საბადოზე მოიპოვება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნავთობმოპოვება დღე-ღამეში 300 ათასი ბარელით გაიზარდა. დღემდე საბადოზე მოპოვებული სუფთა ნავთობის გაყიდვა შეუძლებელი იყო, რადგანაც ამისთვის სპეციალური საექსპორტო ტერმინალი არ არსებობდა.

ირანი ნავთობის მოპოვების მაჩვენებლით მსოფლიოში მე-3 ადგილს იკავებს. 2012 წელს თეირანის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო, ირანი ნავთობს ძირითადად შიდა ბაზრისთვის აწარმოებდა. 2016 წელს ირანი ბირთვული პროგრამის შეჩერებას დათანხმდა, რის სანაცვლოდაც სანქციები მოეხსნა.

ამჟამად ქვეყანა დღე-ღამეში 2,6 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტს აწარმოებს. შეერთებულ შტატებს ირანის ნავთობზე ამ დრომდე ემბარგო აქვს დაწესებული. ვაშინგტონი თეირანთან მიღწეული შეთანხმების გადახედვას აპირებს, რაზეც დღეს შესაძლოა დონალდ ტრამპმა ოფიციალური განცხადება გააკეთოს

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი